სომხეთის ქალაქ დილიჟანში „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ქვემო ქართლი და ტავუშის რეგიონები საერთო ეკონომიკური საქმიანობით გამოირჩევა. კონფერენციაზე აგროტურიზმის, მერძევეობისა და ხილის გადამამუშავებელი წარმოების დარგში თანამშრომლობის ერთობლივი გზები განიხილეს.
როგორც სიდა-ს „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის საველე მენეჯერმა ნინო ჩიტოლაძემ განაცხადა, პროექტის მიზანი სომხეთსა და ქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რეგიონი მოსაზღვრე რეგიონებია, მათ გააჩნიათ, როგორც მსგავსი, ასევე განსხვავებული ტიპის ინტერესები. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სექტორს ვერ გავცდებით. მეცხოველეობისა და მეხილეობის მიმართულებებს ერთობლივი საქმიანობის წამოწყების კარგი პოტენციალი აქვთ“, - განაცხადა ჩიტოლიძემ.
როგორც სომხეთის აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის ფონდის ხელმძღვანელი ნაირა მიკირტიჩიანი აცხადებს, ქვეყნამ საჭიროა ალტერნატიული ბაზარი მოიძიოს.
„სომხეთისთვის საგარეო ვაჭრობის კუთხით, ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, თუმცა ადგილობრივი პროდუქტი ამერიკასა და ევროპაშიც გადის. ქვეყნის განვითარებისთვის მხოლოდ ერთი ბაზარი საკმარისი არ არის. საჭიროა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაც. ევროკავშირის ბაზარს ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს. ექსპორტზე მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი გადის. ხარისხის გასაზრდელად კი ახალი ტექნოლოგიებია საჭიროა. ევროპის ბაზარს სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მიკირტიჩიანმა.
ტავუშის რეგიონში ქალაქ ნოემბრიანში ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც მსურველებს პროფესიული კონსულტაციების მიღება შეეძლებათ.