დიმიტრი ქუმსიშვილი - მე მაქვს ჩვენი სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობა

მე მაქვს მაღალი ნდობა ჩვენი სასამართლოსი. კონკრეტულ საკითხებს არ ვიცნობ და არ შეიძლება კონკრეტულად ვიცნობდე , - ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას, რომელმაც კონკრეტული ბიზნესდავის განმხილველი მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა.

„მე მაქვს მაღალი ნდობა ჩვენი სასამართლოსი. კონკრეტულ საკითხებს არ ვიცნობ და არ შეიძლება ასე კონკრეტულად ვიცნობდე. ჩვენ უნდა დაველოდოთ განხილვებს და ვინაიდან ეს არის შეჯიბრებითობის პრინციპი და იქ არის ორი მხარე - ერთი მოდავე და მეორე მოპასუხე, საბოლოო ჯამში, მივიღებთ რაღაც შედეგს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლები British American Tobacco და Philip Morris International დაახლოებით, 90-90 მილიონი ლარით დააჯარიმა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ მოსამართლემ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიზნესის საჩივრის საფუძველზე მიიღო, კორუმპირებულია.

ფადი ასლის განცხადებას გასულ კვირაშივე თბილისის საქალაქო სასამართლო გამოეხმაურა. როგორც სასამართლოში განმარტეს, სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.