ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმისშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც ის მოადგილეებთან ერთად „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ბიზნესსექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი, კეთილდღეობის მომტანი, შესაბამისად, ბიზნესასოციაციის წევრები არიან სწორედ ის კომპანიები, რომლებიც ქმნიან საკმაოდ დიდ ნაწილს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის და ასაქმებენ ძალიან ბევრ ადამიანს.
„ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს პირველ სამ თვეში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება საუბარი ამ წლის პირველ სამ თვეზე, იმაზე, თუ რა შედეგებით დავხურეთ 2016 წელი, სადაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს. 20 მარტს საქსტატმა გამოაქვეყნა დაზუსტებული შედეგები და მოგეხსენებათ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი დაზუსტდა და 2,7% გახდა. ასევე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს კერძო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით მეოთხე კვარტალში. კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას, როგორ ახორციელებს ამ გეგმებს, რა შედეგებს ველოდებით და რა თქმა უნდა, კერძო სექტორის სურვილები, რადგან მხოლოდ დიალოგში არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება და მხოლოდ დიალოგის შედეგადაა შესაძლებელი ქვეყნის კიდევ უფრო წინ წაწევა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
„საქართველოს ბიზნესასოაციაციის“ ვიცე პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით კი, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რაოდენ ღირებული და მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.
„დღეს ჩვენ გვყავს წარმომადგენლობითი დელეგაცია ფინანსთა სამინისტროდან პირველ ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით. გვექნება განხილვა პირველი კვარტლის ეკონომიკური შედეგებისა და პარამეტრების, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანდ საინტერესო იყო, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ეს აისახა ციფრებში და ბუნებრივია, ამ გამოცოცხლებას ყველა კომპანია, მთელი ბიზნესი გრძნობს, მაგრამ რასაკვირველია, ეს ტრენდი უნდა გაგრძელდეს. გვახარებს ის ფაქტი, რომ დაფიქსირდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, რაც არის მთავარი პარამეტრი იმისთვის, რომ განისაზღვროს, როგორი ვითარებაა ქვეყანაში. ასევე მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს 5% ზრდას წელს და ჩვენ ამას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.