ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი მაჩვენებლები წარმატებით შესრულდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2017 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.4 პროცენტის, პირველი ორი თვის კი - 4,8 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა.
„ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ მიმდინარე წელი ეკონომიკის 4-პროცენტიან ზრდაზე გვაქვს დაგეგმილი. პირველივე თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2017 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას. მიმდინარე წლის იანვარში მშპ-ს ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა.
მე შესაძლებლობა მაქვს, ყოველდღიურად თვალი ვადევნოთ მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. მარტში, წინასწარი შეფასებით, საკმაოდ კარგად იზრდება ექსპორტი. ეს და სხვა მაჩვენებლები გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პარამეტრები წარმატებით შესრულდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის კომენტარსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.