მერიის ზედამხედველობის სამსახური მარჯანიშვილის მეტროსთან უნებართვოდ დადგმული ე.წ.დახლების დემონტაჟს ახორციელებს

მარჯანიშვილის მეტროსთან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები უნებართვოდ დადგმული ე.წ. დახლების დემონტაჟს ახორციელებენ.

მოვაჭრეებმა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მუყაოს ყუთები დადგეს, რომელზეც რამდენიმე ერთეული ნივთი იდო სარეალიზაციოდ გამზადებული.

ადგილზე მივიდა ასევე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია გარკვეული ძალების მიერ იმართება. მისივე თქმით, ქალაქში გარევაჭრობა ეტაპობრივად აღარ იქნება.

”ეს არის პიარ აქცია, ეს არ არის გარევაჭრობა. ამით გარკვეულ ჯგუფებს სურთ დაიწერონ ქულები. მინდა ვთქვა, რომ გარევაჭრობა ეტაპობრივად არსად აღარ იქნება. რაც შეეხება მოვაჭრეებს, თბილისის მერია მათ სთავაზობს, შეღავათიან პირობებში, 6 თვის განმავლობაში, შევიდნენ ბაზრობების ტერიტორიებზე და იქ იმუშაონ ”, - განაცხადა გიორგი უკლებამ.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორს, ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს ლაშა ჩარტიშვილს, მისი თქმით, დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულებულია და აქცია ხვალ განახლდება.