”ფურშეტ ჯორჯიას” სუპერმარკეტიდან ვადაგასული კვერცხი ამოიღეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქეთევან წამებულის გამზირზე "ფურშეტ ჯორჯიას" სუპერმარკეტიდან 256 ცალი მოლდოვური წარმოების ვადაგასული კვერცხი ამოიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვერცხი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

ასევე, სააგენტოს თანამშრომლებმა ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის რამდენიმე სუპერმარკეტი დააჯარიმეს. კერძოდ, სააგენტოს რეგიონულმა სამსახურებმა მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს ქვემო ქართლსა და კახეთში.

მარნეულში, გარდაბანსა და წალკაში ხუთი მეწარმე ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც, ი/მ "მანზახირ გუსეინოვი", ი/მ "ალადინ მირზაევი", ი/მ "მარშუდ პირიევი", ი/მ "ლაერტი ტოროსიანი", ი/მ "ანდრანიკ თამარიანი" დაჯარიმდნენ 300 ლარით.

ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის 400 ლარით დაჯარიმდა 3 ბიზნესოპერატორი - ი/მ "გულნარა განჯაევა", ი/მ "სრაჟდენ მუსაევი", ი/მ "ფარამაზ მამედოვი".

ვადაგასული სურსათი - თევზი, ძეხვეული, საკონდიტრო ნაწარმი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვი ამოიღეს ი/მ "გულნარა განჯაევას", ი/მ "სრაჟდენ მუსაევის", შპს "დათუნას" და ი/მ "ვაგრამ ტოროსიანის" სასურსათო მაღაზიებიდან.

ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ლაგოდეხში დაჯარიმდა ი/მ "ვლადიმერ შეირანოვი". სიღნაღის რაიონის დაბა წნორსა და ლაგოდეხში ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის დაჯარიმდნენ შპს Friday, ი/მ "ვეფხია ვეფხვაძე", ი/მ "მარინე ალადაშვილი" და ი/მ "თამილა ალადაშვილი".