პირველადი მეთესლეობისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინ-ვიტრო ლაბორატორიაში დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორია დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან (CIP) მიღებული 80 სხვადასხვა კლონის გამრავლებას ინ-ვიტრო მეთოდებით აწარმოებს.
აღნიშნული სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისი პროგრამის - თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარების მხარდაჭერა და აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური ბანკის შექმნა/მართვა - ფარგლებში ხორციელდება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, 8000-ზე მეტი მიკრომცენარე სინჯარიდან ორანჟერეაში გადაირგა; შემდეგ ეტაპზე მათი გამოცდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდება, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეთოდიკის შესაბამისად, ორანჟერეის პირობებში, მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე აღრიცხვები ტარდება, მიღებული მონაცემები კი ერთიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (Highly Interactive Data Analysis Platform) შედის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ კარტოფილის კულტურის პარალელურად, კვლევა წარმოებს მრავალწლოვანი კულტურების (კურკოვანი კულტურების კლონური საძირეები, კენკროვანი კულტურები, სამკურნალო მცენარე - გოჯი ბერი, დეკორატიული მცენარეები, ვაზის იშვიათი ჯიშები) ინ ვიტრო გამრავლების და უვირუსო სარგავი მასალის მიღების ეფექტიანი ტექნოლოგიის შემუშავება-დახვეწის მიმართულებით.