2017 წლის საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაში 28 კონკრეტული აქტივობაა გაწერილი, რომელიც მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით , - ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ პრეზენტაციის დროს განაცხადა.
გელა კვაშილავა ავარიების პრევენციისთვის, ოთხი კონკრეტული საკითხის მოწესრიგებას ითხოვს.
„პირველი არის ახალბედა მძღოლების პრობლემა. ავარიების 40% ახალბედა მძღოლებზე მოდის, პრაქტიკული მეცადინეობა და გამოცდა დასახვეწია.
მეორე არის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობას. თუ არ მოწესრიგდება გადასასვლელები და არ მოხდება სიჩქარის კონტროლი, ვერ ავიცილებთ ავარიებს.
მესამე არის სტატისტიკა. მონაცემების შეგროვება უნდა გაუმჯობესდეს, რომ გავიგოთ, რეალურად რა იწვევს ავარიებს.
მეოთხე კი არის ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელიც უნდა იყოს უფრო მწვავე“, - განაცხადა გელა კვაშილავამ.
რაც შეეხება მგზავრების საქალაქთაშორისო გადაზიდვებს, გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად.
„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს. ექსპერიმენტი ჩავატარეთ და დავინახეთ, რომ ამ სფეროს ოდნავ მოწესრიგება მნიშვნელოვნად გააუმჯობსებს მგზავრების როგორც უსაფრთხოდ, ასევე კომფორტულად გადაადგილებას. კომპანიებმაც უნდა დაიწყონ გარკვეული ქმედებების განხორციელება, რადგანაც, საგზაო უსაფრთხოებაზე დამოკიდებულია ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა გელა კვაშილავამ.
კვლევის თანახმად, მიკროავტობუსების მძღოლების 93% ტელეფონზე საუბრობს, კვეთს ღერძულა ხაზს და ახორციელებს გადასწრებას სახიფათო შემთხვევებისას.