ტერეზა მეი - ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ევროპას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ღია წერილით მიმართა. ტერეზა მეიმ ხაზი გაუსვა „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნებას.

„ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას. ჩვენ გვინდა ერთგულ პარტნიორებად და მოკავშირეებად დავრჩეთ ირლანდიისთვის და კონტინენტზე ყველა ჩვენი მეგობრისთვის“, - განაცხადა ტერეზა მეიმ წერილში, რომელსაც Irish Times აქვეყნებს.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „პირადად იღებს ვალდებულებას გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან“.

ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად, პატივისცემისა და თანამშრომლობისკენ მისწრაფების სულისკვეთებით უნდა გაიმართოს“.

„ჩვენს ინტერესებშია, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობისთვის, მაქსიმალური თავისუფლება უზრუნველვყოთ ბრიტანულ კომპანიებთან ვაჭრობისთვის“, - დაწერა ტერეზა მეიმ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაზეც ბრიტანეთის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, უსაფრთხოებაა.

ტერეზა მეის აზრით, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ამ მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობა „მაქსიმალურად მჭიდრო უნდა დარჩეს“.