ჩინური „ჩერი“ „მერსედესს“ ახალი ბრენდის სახელს ედავება

ჩინურმა საავტომობილო კომპანია „ჩერი ავტომობილი“ გერმანული კომპანიის მიერ, საკუთარი მწვანე ავტომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდისთვის სახელ EQ-ს გამოყენებას მისი საკუთრების დარღვევად მიიჩნევს. შესაბამისი საჩივრით „ჩერი ავტომობილმა“ ქვეყნის სავაჭრო ნიშნების რეგულატორს საჩივრით მიმართა.

საქმე ის არის, რომ „ჩერი“ უკვე ორი წელია აწარმოებს ელექტრომობილ eQ-ს, რომელიც ცისქვეშეთის ბაზარზე იყიდება. „მერსედესმა“ კი ეს სახელი მხოლოდ შარშან დააფიქსირა. ჩინურ კომპანიას სურს, რომ შტუტგარტელებს ჩინეთში ამ სახელის მქონე ბრენდით ავტომობილების გაყიდვების უფლება არ მიეცეთ.

ჩინეთი ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდესი ბაზარია. იქ შეღწევა და დამკვიდრება ყველა დიდ კომპანიას სურს და ბუნებრივია, მალე ამ სეგმენტში უშეღავათო კონკურენცია გაჩაღდება.

„მერსედესი“ EQ ბრენდით პირველი ავტომობილის გამოშვებას ამ ათწლეულის ბოლოს აპირებს და არ არის გამორიცხული, ის ჩინეთში სხვა ბრენდით შეიტანოს. „ჩერისთან“ დავის წაგება, გერმანულ კომპანიას ზედმეტი სამარკეტინგო ხარჯები დაუჯდება.

„მერსედესმა“ თავისი ახალი ქვე-ბრენდით კონცეპტუალური ავტომობილი შარშან გვიჩვენა. იმავდროულად კი გამოაცხადა, რომ EQ-ს მოდელებს ჩინეთშიც გამოუშვებს.

მარტო ჩინეთში წლიურად იმაზე მეტი ელექტრომობილი იყიდება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებული. ამას ხელს მთავრობის შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა უწყობს, რომლის მიზანიც, ქვეყნის დიდ ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირებაა.

„თუ ეს ბრენდი ჩინურ ბაზარზე შემოვა, ამით ჩვენი სავაჭრო ნიშნის ფლობის უფლება დაირღვევა. „მერსედეს-ბენცის“ EQ და ჩვენი eQ მსგავსი სახელებია და თანაც, ორივე პროდუქტი ელექტრომობილია“, - ნათქვამია „ჩერის“ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.