ჩვენი პოზიცია არის პრინციპული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იმავე ფორმულირებით დარჩეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, კერძოდ, გადასახადის გაზრდა, ან ახალი გადასახადის შემოღება არ უნდა მოხდეს რეფერენდუმის გარეშე , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განუცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ეკონომიკის მინისტრისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრება.
როგორც ასლანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება „ეკონომიკური თავისუფლების აქტთან“ დაკავშირებული საკითხები.
”ეს შეხვედრა ორგანიზებულია ეკონომიკის მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით. განვიხილავთ იმ მოსაზრებებს, რაც დაკავშირებულია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. ჩვენთვის რაც საინტერესოა, არის რეფერენდუმის საკითხი. კერძოდ, არსებობა 94-ე მუხლის, რაც „თავისუფლების აქტთან“ არის დაკავშირებული. ჩვენი პოზიცია არის პრინციპული. რომ იგივე ფორმულირებით უნდა დარჩეს ეს მუხლი კონსტიტუციაში და გადასახადის გაზრდა, ან ახალი გადასახადის შემოღება არ უნდა მოხდეს რეფერენდუმის გარეშე.
ამ მუხლის დარჩენა ჩვენთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეზღუდვა ქვეყანას იმ კონკურენტუნარიანობას აძლევს, რაც ბევრ ქვეყანას, მითუმეტეს, ამ რეგიონში არ გააჩნია. ამ მუხლის არსებობა პირდაპირ მოქმედებს მომდევნო პერიოდში დაგეგმილ უცხოურ ინვესტიციებზე. მოქმედებს ადგილობრივი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე ინვესტიციებთან მიმართებაში და ქმნის სტაბილურობის განგრძნობითობის აღქმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის. ჩვენი პოზიციები ემთხვევა ეკონომიკის სამინისტროს პოზიციებს და მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა ასლანიშვილმა.