2017 წლის თებერვალში სისხლის სამართლებრივი დევნა 1 370 პირის მიმართ დაიწყო, რაც 21 ერთეულით მეტია მიმდინარე წლის იანვართან შედარებით. სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება - 485 პირი (35.4%), ხოლო დაბალი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 44 პირი (3.2%).
2017 წლის თებერვალში სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით ჩადენილ დანაშაულებზე ყველაზე ხშირად დევნა ქურდობაზე დაიწყო - 284. პირველ სამეულში ასევე არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 242 და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება - 235
საქსტატის ცნობით, 1 204 მსჯავრდებულს შორის 96,3% მამაკაცია, 3,7% კი ქალი. მსჯავდებულთა შორის არასრული საშუალო განათლების მქონეა 49 პირი, საშუალო განათლების მქონეა 951 პირი, უმაღლესი განათლების მქონე კი 200 პირი. 1 204 მსჯავრდებული პირიდან 90.4% უმუშევარია.