ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროგრამა, რომელიც დევნილებს აძლევს საშუალებას, რომ მცირე და მიკრო მეწარმეობა წამოიწყონ, ასევე გადამზადდნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა სთხოვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს, რომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართოს ბრიფინგი და მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
„მინდა გამოვეხმაურო დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსების დახმარებით. ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება მცირე და მიკრო მეწარმეობის მიმართულებით, ასევე მათ აძლევთ საშუალებას, რომ მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართით, არამედ, მათ ვეხმარებით საარსებო წყაროების მიღებაში და ასე ვთქვათ, ხელს ვუმართავთ, რომ წამოიწყონ მცირე და მიკრო მეწარმეობა, ასევე გადამზადდნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი პროგრამაა და მინდა გთხოვოთ, რომ დეტალურად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მოსახლეობას, ასევე მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად მუშაობთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.