ქართული ჩირი ”ჩირჩხელა” ექსპორტზე გადის

ქართული ჩირის კომპანია ”ჩირჩხელა” პროდუქციას ექსპორტზე გასატანად ამზადებს.

კომპანიის დამფუძნებლის გუკა სალუქვაძის თქმით, ქართული ჩირის ექსპორტით უკრაინა, ჩინეთი, რუსეთი, შვედეთი და ბალტიის ქვეყნები არიან დაინტერესებული. მისივე თქმით, უკრაინასა და ჩინეთში პროდუქცია უკვე გაგზავნილია, მოლაპარაკება მიმდინარეობს და უცხოური მხარისგან პასუხს ელოდებიან.

ქართული ჩირი ”ჩირჩხელა” ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა. კომპანია დაახლოებით 25 სახეობის ჩირს ქართული ხილისა და ბოსტნეულისგან ამზადებს.

”დანაზოგი, ჯიბის ფული და ცოტა კრედიტები - ასე დავიწყეთ საოჯახო ბიზნესი. დაალოებით 15 სახეობის ხილისა და 10-მდე სახეობის ბოსტნეულის ჩირს ვაწარმოებთ. ტროპიკული ანანასისა და ბანანის გარდა, ყველა ხილი და ბოსტნეული ქართული ნედლეულისგან მზადდება. ამ ასორტიმენტისა და გემოს ჩირები ჯერჯერობით ბაზარზე არ არის. ბოსტნეული კი საერთოდ სიახლეა. მას ჩიფსის სახით ვაწარმოებთ და ყველაზე პრეტენზიულ მჭამელ ბავშებსაც კი მოსწონთ. ჩვენი პროდუქცია ხელნაკეთია, როგორც წესი ასეთი ტექნოლოგია არ არის მაღალ მოცულობებზე ორიენტირებული, წარმადობა ამ ეტაპისთვის მცირეა, მაგრამ რაც მთავარია, ყველაფერი ქართული, ჯანმრთელი, უშაქრო, ყოველგვარი მავნე დანამატების გარეშეა.

სამწუხაროდ, დღეს ბაზარი არაჯანმრთელი ჩირითაა გაჯერებული. ჩვენმა საქმიანობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების მხრიდან, ამიტომ ამ ეტაპზე წარმოება განვითარების ეტაპზეა. გამომდინარე იქიდან, რომ გურიასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს ნედლეულის გადამუშავება ძირითადად იქ მოხდება, სარეალიზაციო მიმართულება კი კვლავ თბილისი იქნება”, - ამბობს გუკა სალუქვაძე.

”ჩირჩხელა” 28 მარტს ჩინეთში სურსათის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი. კომპანიის დამფუძნებელი სამომავლოდ საქმიან წინადადებებს ელოდება. ”ჩირჩხელას” ასევე დაგეგმილი აქვს ჩურჩხელას წარმოების დაწყება და საქმიანობის გაფართოება.

”ამ მიმართულებით საქართველოში დიდი კონკურენციაა, თუმცა ხარისხი კონკურენციას ყოველთვის ცვლის. რადგან გურიასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ამჯერად ტრადიციას ფეხი ავუწყეთ და გურული ჯანჯუხების წარმოებას ვიწყებთ. ასევე ვმუშაობთ ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე, რომლის დეტალებსაც პროდუქციის შექმნის შემდეგ გავამხელთ. წარმოების გაფართოება ჩვენი პირველადი მიზანია და გეგმებსაც შესაბამისად მასშტაბებიდან გამომდინარე ვახარისხებთ”, - გვეუბნება ”ჩირჩხელას” დამფუძნებელი.