პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.
პროკურორის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს აღნიშნული პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამოძიებისა და სასამართლო განხილვების ეტაპზეც შესთავაზა.
”გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს არაერთხელ შევთავაზეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ ექვსი ათასივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობა, თუმცა ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობა და შესაბამისად, მათ მიმართ ვერ გავრცელდებოდა შეღავათი. ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ”, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.
რაც შეეხება ”ცენტრ პოინტის” საქმეზე გამოტანილ განაჩენს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდება გადაწყვეტილებით ნაწილობრივაა კმაყოფილი.
”ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნაწილში საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. ამ ნაწილში განაჩენს, მისი ჩაბარების შემდეგ გადავხედავთ და გადავწყვეტთ, გავასაჩივროთ თუ არა”, - აღნიშნა გუმბერიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.