ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა - The 96th China Food & Drinks Fair გაიმართა , რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თამთა ყველაიძე დაესწრო. მისი თქმით, გამოფენის პირველ დღეს დაფიქსირდა გამოფენის არსებობის მანძილზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა - 250 ათასი ადამიანი.
„გამოფენაზე ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან, ასევე პოტენციურ იმპორტიორებთან. გამოფენის მიმდინარეობის დროს გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები. აღნიშნული გამოფენა ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.