„თელასი“ 2017-2018 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს

კომპანია „თელასი“ 3 აპრილიდან 2017-2018 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის თბილისის ელექტროქსელის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.

როგორც სს „თელასიდან“ იუწყებიან, კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

კომპანიის ინფორმაციით, შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, „თელასი“ 35 მაღალი ძაბვის ქვესადგურის, 4 საკვანძო ქვესადგურში 6/10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობის და 851 სატრანსფორმატორო პუნქტის სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, 8 მაღალი ძაბვის ქვესადგურში და 95 სატრანსფორმატორო პუნქტში მოძველებული დანადგარები ახლით შეიცვლება. დაგეგმილია 6/10 კვ ძაბვის 43 საკაბელო ხაზის და 0,4 კვ ძაბვის 65 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. ამასთან, 49 ახალი საკაბელო ტრასა აშენდება.

„თელასის“ ტექნიკური დირექტორის ვახტანგ ქინქლაძის განცხადებით, კომპანიის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშოების შედეგად 2012 წელთან შედარებით ელექტროენერგიის ავარიული გამორთვების რაოდენობა 46%-ით შემცირდა.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში დაგეგმილია ქვესადგურების, სატრანსფორმატორო პუნქტების ელექტროდანადგარების და გადამცემი ხაზების სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები, რაც გამოიწვევს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეფერხებას. სს „თელასი“ წინასწარ უხდის ბოდიშს აბონენტებს ამ პროექტების განხორციელების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, - განაცხადა სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

„თელასის“ მიერ დაგეგმილ სამუშაოების შესახებ თავის მომხმარებლებს კომპანია წინასწარ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით ატყობინებს; აქვეყნებს შესაბამის გაფრთხილებას კომპანიის ვებ-გვერდზე (telasi.ge) და facebook-ის ოფიციალურ გვერდზე; აგზავნის SMS შეტყობინებებს. ასევე, 24 საათის განმავლობაში აბონენტს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია „თელასის“ ქოლ-ცენტრში (ტელ: 277-99-99; *9999).