ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლარის გამყარებაზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
კვირის განმავლობაში რეფინანსირების აუქციონში საბანკო ოლიგოპოლიის მოთხოვნის არსებულ დონეზე შენარჩუნება ძირითადად განაპირობა სანიმუშო საბიუჯეტო დისციპლინამ მთავრობის მხრიდან.
მიუხედავად ამისა, რეფინანსირების ერთობლივი მოცულობა (1,58 მლრდ ლარი – მთლიანი ფულის 25%) კვლავაც კრიტიკულ დონეზეა და უფრო მეტად შემცირებას საჭიროებს
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეფინანსირების მოცულობა არის გაორმაგებული, ხოლო ფულის მასა 20%–თ გაზრდილი, რაც მხოლოდ 4–5% ეკონომიკური ზრდის პირობებში, მნიშვნელოვან ინფლაციურ რისკებს შეიცავს.
აქციზის ფაქტორი, როგორც ინფლაციის მიზეზი, იყო ყურით მოთრეული არგუმენტი. შესაბამისად, საბანკო ოლიგოპოლიის და განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მხრიდან არა მხოლოდ არასწორია, არამედ არაეთიკურიც არის ინფლაციის გადაბრალება მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე.
მთავრობას არ განუხორციელებია აქციზის საყოველთაო გაზრდა, არამედ საკმაოდ მიზანმიმართულად შესხო აქციზურ გადასახადებს ისეთი პროდუქტებზე (თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები, დაბალი ხარისხის საწვავი, ნავთობპროდუქტების ძრავზე მომუშავე ძველი ავტომობილები, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები), რომლებზეც აქციზური გადასახადი მაღალია მეზობელ ქვეყნებშიც (თურქეთი, უკრაინა, რუსეთი) და ევროპაშიც (მაგალითად, დიზელის სამშობლოში გერმანიაში აქტიურად განიხილება დიზელზე აქციზური გადასახადის გახუთმაგება კერძო მომხმარებლებისათვის ).
უკანასკნელ პერიოდში ინფლაციური პროცესები არის მხოლოდ მეორეხარისხოვნად და ერთჯერადად ფისკალური ფაქტორებით განპირობებული, უპირველესად კი ინფლაციის მიზეზები ფულად–საკრედიტო ხასიათისაა, რაც თავის მხრივ იმ არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ეროვნული ბანკი საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში ახორციელებს.
ასე, რომ განსაკუთრებით გალარების პროგრამის ჩავარდნის შემდეგ, მგონი უფრო მთავრობას ეკუთვნის ხელის გაშვერა ოროსანი ეროვნული ბანკისკენ, და არა პირიქით.
––-–––––––––––––––––––––––––––––––––––------------------------P.S. სავალუტო ბაზარზე, რომელიც აგრეთვე საბანკო ოლიგოპოლიის ხელშია, მიმდინარე ლარის გამყარების პროცესთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია:
„...საბანკო ოლიგოპოლიის და მის გალიაში გამომწყვედული ეროვნული ბანკის ხელში – გვიხაროდეს გამყარების, გვეშინოდეს ბეზპრეძელის !!!.. 15 აპრილიდან, ე.ი. აღდგომის შემდგომ პერიოდში, დავითვალოთ „დარჩენილი კვერცხებიც და გადარჩენილი წიწილებიც“ !!!..