უკრაინელი ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი ჯილდოს აორმაგებს და 20 000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც 80 წლის ქალის მძარცველებზე ინფორმაციას მიაწვდის.
ამის შესახებ ბიზნესმენი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
საუბარია 13 მარტს, თბილისში, სანზონაში მომხდარ ფაქტზე. 80 წლის ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. თავდამსხმელებმა სახლიდან სამი ათასი დოლარი წაიღეს. რაც შეეხება დაზარალებულს, მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა.
„ვერანაირად ვერ ვწყვეტ ფიქრს იმ ტანჯვაზე, რომელიც ამ 80 წლის ქალბატონმა გადაიტანა, როდესაც მძარცველები აწამებდნენ. ჩემი ფონდის წარმომადგენლებმა ეს უსაყვარლესი ბებო მოინახულეს, მოხუცმა მათ იმ ბარბაროსების სასტიკ ნამოქმედარზე უამბო.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანებს ასეთი სისასტიკის ჩადენის უნარი აქვთ, მიმაჩნია, რომ იმ ყაჩაღების ადგილი საქართველოში არ არის, ისინი სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე დაწესებული ჯილდო გავაორმაგო. მზად ვარ დღესვე, იმას, ვინც ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცველებს ამ ბარბაროსული აქტის ჩამდენებზე 20 ათასი ლარი გადავუხადო. დაჯილდოვდება ის ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლებს და მართებულ ჩვენებას მისცემს დამნაშავეების შესახებ!,“-წერს ჩერნოვეცკი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა 80 წლის ქალის მძარცველებზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ფულადი ჯილდო 15 მარტს დააწესა. მაშინ აღნიშნული ინფორმაციისთვის ჩერნოვეცკი მოქალაქეებს 10 ათას ლარს სთავაზობდა.