ქუთაისი ხდება ევროპასთან დაკავშირების რეგიონული ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მათ შორის ხალხთაშორისი და ეკონომიკური კავშირების მიმართულებით.
ჯანელიძის განცხადებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან. კერძოდ, მისი ინფორმაციით, 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 263,076 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 8.6%-ით მეტია.
”ყველაზე კარგი ადგილმდებარეობა აქვს ქუთაისს, იმისათვის რომ გახდეს ტურისტული ცენტრი და ეს კარგად ჩანს იმ შედეგებით, რომელიც უკვე არის აეროპორტის აქტივობით. სახელმწიფოს სურვილია, რომ აქედან ყველა გზა მიდიოდეს ტურისტულ ობიექტებამდე, ტურისტულ ცენტრებამდე და ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად გამოყენება იმ რესურსის, რაც ქუთაისს გააჩნია ამ მიმართულებით”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-ევროკავშირის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში იმერეთის რეგიონს სტუმრობდა. მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან ქუთაისსა და ვანში.