2016 წელს წინა წელთან შედარებით შობადობა 4,5%-ით შემცირდა. კერძოდ, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ გასულ წელს 56 569 შეადგინა, მაშინ როცა 2015 წელს ეს ციფრი - 59 249 იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს 56 569 დაბადებულიდან 28 887 ბიჭი, 27 682 კი გოგო იყო.
საქსტატის ცნობით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, 2016 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2015 წელთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა და 50 771 შეადგინა.