ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა 62.6 მილიონი ლარით გაიზარდა

2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 619.1 მილიონი ლარით (3.6%-ით) შემცირდა და 16.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

2016 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში კი, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 13.1%-ით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის დეპოზიტების გადაფასებით გამოწვეულმა კლებამ.

საანგარიშო პერიოდში, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 62.6 მილიონი ლარით (1.3%-ით) და 4.89 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდა გამოიწვია ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშების მატებამ. ფიზიკური პირების დეპოზიტები 100.9 მილიონი ლარით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 9.7 მილიონი ლარით გაიზარდა.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 1.1 პროცენტიანი (47.9 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 4.51 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება იურიდიული პირების ვადიანი დეპოზიტების კლებით არის განპირობებული.