ადვოკატის ინფორმაციით, ”ცენტრ პოინტის” ქონებას ყადაღა არ მოხსნია. როგორც მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა , ყადაღა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთს მოეხსნა, რომლითაც ”ცენტრ პოინტის” საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის გირაო იყო უზრუნველყოფილი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი გირაოს პირობების დარღვევის გამო მაია რჩეულიშვილს ჩამოერთვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ”ცენტრ პოინტის” ქონებასთან დაკავშირებით გაუგებრობა შექმნა იმ განცხადებამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” საქმეზე განმარტება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სასამართლოს 31 მარტის განაჩენით, ”აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას”.