თემურ ლომიძე პროფესიით მხატვარ-მოქანდაკეა, წარმოშობით ზემო იმერეთის სოფელ ღუნევიდან. ამბობს, რომ ფერმერობამდე ამ ცხოველის უნიკალურობამ უფრო მიიყვანა, ვიდრე კომერციულმა ინტერესმა.
- როგორ შეუდექით საქმეს?
- იდეა მეგობარმა მომაწოდა, მას კარგად ჰქონდა საკითხი შესწავლილი, ამერიკიდან სახედრების ფერმის სურათებიც გამომიგზავნა. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეგვეცვალა, მივუსხედით კომპიუტერს და ინტერნეტით დიდძალი ინფორმაცია შევაგროვეთ, ზოგიერთი მასალა ვთარგმნეთ კიდეც, რომლებიც მივიჩნიეთ, რომ გამოგვადგებოდა. ასე შევიტყვე, რომ კლეოპატრას სილამაზისა და ჯანმრთელობისა საიდუმლო იმ სასწაულმოქმედ ნივთიერებებში იმალებოდა, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს სახედრის რძე. კლეოპატრა თურმე არა მარტო სვამდა ვირის რძეს, არამედ ყოველდღიურად მის აბაზანებსაც იღებდა. გავეცანით სხვადასხვა სწავლულის, მათ შორის ჰიპოკრატეს ნაშრომებს, სადაც ის სახედრის რძის კარგ თვისებებზე საუბრობს.
ამის შემდეგ ევროპაში გამგზავრება გადავწყვიტე, რათა უფრო საფუძვლიანად გამომეკვლია ჩემი ინტერესის საგანი. ყველა სოლიდურ და დიდ სუპერმარკეტში იყიდებოდა 100-150-გრამიან ბოთლებში დაფასოებული სახედრის რძე - 100 გრამი 7-8 ევროდ. დაბრუნებისთანავე
ბევრი აღარ გვიფიქრია და ცხოველების შეგროვება დავიწყეთ. 60-მდე სახედარს მოვუყარე თავი. თავიდან 100 ლარად ვყიდულობდით, ხოლო როცა ჩვენ შესახებ ამბავი გახმაურდა, ცოტა აგვიწიეს ფასი.
შემდეგ შევადგინეთ კვების რაციონი, ავიყვანეთ მომვლელი და საბოლოოდ, შარშან აგვისტოში მეგობრის ღორის ფერმას შევეკედლეთ დროებით. რამდენიმე კვირის წინ კი ფერმა თბილისთან ახლოს, სოფელ სააკაძეში გადავიტანეთ.
- როგორ უვლით?
- ძალიან სუფთა ცხოველია. ნაგუბარ წყალს არ დალევს, დანაგვიანებულ საკვებს არ შეჭამს, ფეხების დასველებაც კი არ უყვარს. როცა ბაგურ კვებაზეა, ჩლიქები ეზრდება და ხელოვნურად მოცვეთა სჭირდება 3 თვეში ერთხელ. ცოცხლობენ 20-25 წელს, აუცილებელია პერიოდული პროფილაქტიკური აცრები, ძირითადად, ცოფის საწინააღმდეგო, სხვა დაავადებების მიმართ საკმაოდ მდგრადი არიან.
ფაქიზი მჭამელები არიან, ყველაფერს და არასათანადოდ მიწოდებულს სახედარი არ ჭამს. დაპრესილი ბალახი ძალიან მშრალი არ უნდა იყოს, არაკალორიულ ნამჯას კი ურჩევნია სინედლეშერჩენილი იონჯა და ჩვეულებრივი ბალახი. ერთი შეკვრა 3-4 სახედარს გამოკვებავს, დღეში ერთი სახედრის შენახვა საშუალოდ 1-2 ლარი ჯდება. ზამთრობით ჯობს ბაგა სავსე ჰქონდეთ საკვებით, ყინვა მადას უქვეითებთ, ამ დროს რაციონში აუცილებელია მარცვლეულის ჩართვაც, განსაკუთრებით წველადობის ჟამს. ძალიან უყვართ ქერი. თუ ფერმის ახლოს საძოვარი მინდორია, დამატებით საკვებს აღარ საჭიროებენ.
სახედარი მხოლოდ ჩოჩორთან ერთად იწველება, თუ გვერდით არ ჰყავს, არათუ რძეს არ იძლევა, არამედ მთლიანად იშრობს. 12-თვიანი მაკეობის შემდეგ, მე-13 თვეში ჩოჩორს იგებს და 8 თვე იწველება. ღამით დედა-შვილს ცალ-ცალკე ვაწვენთ, დილით გამოვიყვანთ და პატარის თანდასწრებით მოვწველით, შემდეგ მთელ დღეს ერთად არიან და რძის დარჩენილ მარაგში ჩოჩორს აღარავინ ეცილება.
დასაწყისში იყო მოულოდნელობებიც, მაგალითად, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით ველოდებოდით დღეში 200-250 გრამ რძეს, ჩვენი ფერმის ზოგიერთმა ბინადარმა კი 300-400 გრამიც მოიწველა. ამან უფრო გაგვამხნევა.
- ამჟამად რა ეტაპზე ხართ?
- თავდაპირველი ამოცანა ქართულ ბაზარზე გამოჩენა იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და კვების ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ჩვენი რძის ვარგისიანობა სამმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა. აღმოჩნდა, რომ თუ ევროპაში ცხიმიანობა 0,6 იყო, ჩვენთან ამ ციფრმა 0,5 შეადგინა. მოკლედ, სულ ახლახან მივიღეთ ნებართვა, რძე საკვებ პროდუქტად დაგვერეგისტრირებინა, აქამდე მხოლოდ ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ კომპანიებს ვაბარებდით ლიტრს 60 ლარად, ახლა კი ბაზარზე გამოჩენასაც ვფიქრობთ.
ვმუშაობთ სელექციაზეც. ჩვენთან სახედარი, ძირითადად, გამწევ ძალას წარმოადგენდა, იშვიათად თუ მოწველიდნენ და ბავშვებს დაალევინებდნენ. ისე, წველის დროს ჭირვეულობს და წიხლებს ისვრის.
საქართველოში ჩვენ მიერ მოძიებული 4 ჯიშიდან (იერუსალიმური, წინააზიური, შავცხვირა და კავკასიური) ერთ-ერთი უფრო თვინიერია და მეტსაც იწველის. აი, ამ ჯიშის გამორჩევასა და მოშენებას ითვალისწინებს ჩვენი მუშაობა. ასევე ვაპირებთ, 5 მდედრთან ერთი მამრი ვაცხოვროთ, რათა მათი ოჯახური ცხოვრება არ დაირღვეს და ფერმასაც მამრების შენახვა ნაკლები დაუჯდეს.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 3 აპრილის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად