საქართველოში ბიზნესმენები მაღალპროცენტიან კრედიტებზე ჩივიან. მათი თქმით, ბანკები არ ზრუნავენ ბიზნესის განვითარებაზე და მათი მთავარი მიზანი საკუთარ მოგებაზე მუშაობაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იგივე პოზიციას იზიარებენ საბანკო სფეროს სპეციალისტებიც, თუმცა ისინი საკითხს სხვა მხრივაც განიხილავენ - ზედმეტად დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა, შესაძლოა, გარკვეული რისკი წარმოშვას.
ძვირ ფინანსურ რესურსზე ჩივის ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი. ის მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს ბიზნესს და არაერთი პროექტის განხორციელებას.
"შეჩერებულია კერამიკის წარმოების, ასევე კონცენტრანტებისა და ეთერზეთების წარმოების პროექტები. ვეძებთ ინვესტორს. ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც წარმოება ვერ გაუძლებს. საწყის ეტაპზევე ასეთი ტვირთი რომ დააწვეს, შეუძლებელი იქნება ამ საწარმოების ფეხზე დაყენება", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
ბიზნეს სესხის მაღალ საპროცენტო განაკვეთზე საუბრობს "რეზონანსთან" საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე. მისი თქმით, დაბალპროცენტიანი კრედიტებიც გარკვეულ რისკს უკავშირდება. დაბალი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში ქვეყანაში გაჩნდება ფულზე შიმშილი და შემცირდება უცხოური ინვესტიციები.
"რასაკვირველია, დაბალი განაკვეთი მისაღებია ბიზნესისთვის, მაგრამ მას გარკვეული რისკიც ახლავს თან. დაბალპროცენტიანი სესხი ჩვენი ოცნება და სურვილია, თუმცა სანამ რისკი მაღალია საქართველოში - იგულისხმება პოლიტიკური, ეკონომიკური, მაკროეკონომიკური და ა. შ., იქამდე განაკვეთის მკვეთრი დაწევა ვერ მოხდება. თუ ჩვენ შევცედებით, რომ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი გვქონდეს, ეს დიდხანს ვერ გასტანს, რადგან შემცირდება უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში. ამას, თავის მხრივ, ფულზე შიმშილი მოჰყვება. მესმის ბიზნესმენების პოზიცია, თუმცა არსებობს გარემოებები, რომლებსაც, სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ და იქვე სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ბიზნესში, რადგან ეს უფრო აზარალებს სექტორს.
"სახელმწიფოს ყველაზე კარგი დახმარება იქნება, შორს დაიჭიროს თავი ბიზნესისგან. ნუ ცდილობს მასთან კონკურენციაში შესვლას. საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს, ილუზიაა, რადგან ყოველი ასეთი "დახმარების" შემდეგ ბიზნესი უფრო ზარალდება.
დღეს საქართველოში არახელსაყრელი გარემოა ბიზნესისთვის იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილურობის განცდა არ არსებობს. ხელისუფლებას არ აქვს ნათლად გამოხატული იდეოლოგია, რა ნაბიჯი გადაიდგმება სამომავლოდ. მათ უნდა ჰქონდეთ მიზნები, რომელიც გასაგები იქნება ბიზნესისთვის, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ვერ ახერხებს", - აღნიშნა თუთბერიძემ.
ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმოებაზე საუბრობენ, მათთვის მთავარი გადაუჭრელი საკითხი ბანკების მიერ დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთია. საკითხი აქტუალურია "საქართველოს ავიახაზებისთვისაც". მისი ხელმძღვანელი გიორგი კოდუა "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქართული ბანკები მხოლოდ კუთვნილ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო ბიზნესი მათთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა.
"ბანკებსა და ბიზნესმენებს შორის საქართველოში ძალიან დიდი ბარიერია შექმნილი. ჩვენთან ბანკები იმისთვის არ არსებობენ, რომ ბიზნესს დაეხმარონ, ისინი მაქსიმალურად ორიენტირებულნი არიან მოგებაზე. ყველა სფეროს თავისი შეხედულება აქვს ამ საკითხზე. პირადად ჩვენ, ვინც ავიაციაში ვართ, ვერ ვახერხებთ, თანხის სანაცვლოდ დავაგირაოთ ინფრასტრუქტურა, რითაც უზრუნველყოფილი გვაქვს ბიზნესი (მაგალითად, ინგლისში შესაძლებელია სესხის სანაცვლოდ თვითმფრინავის დაგირავება). საქართველოში საფინანსო ინსტიტუტები ორიენტირებულნი არიან, მიიღონ უძრავი ქონება გირაოში და შემდეგ გაყიდონ. ეს არის წმინდა წყლის მოგება და არა ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა", - აღნიშნა კოდუამ. მან ასევე კონკრეტულად ავიაციისა და ბანკების ურთიერთობაზეც ისაუბრა და საპროცენტო განაკვეთი უცხოურს შეადარა.
"გვინდა, ქვეყანაში გვქონდეს გამართული და კარგი ავიაკომპანიები, ვეჭიდებით "თურქეთის ავიახაზებს" და სხვებს. ამ დროს მათ 1%-ად აქვთ სესხი აღებული, ჩვენთან კი 9-10%-ია. როგორ უნდა გავუწიოთ მათ კონკურენცია?
კონკრეტულად ავიაციას რაც შეეხება, ბანკები ამ კუთხით საერთოდ არ არიან საქმის კურსში, კვალიფიციური კადრებიც კი არ ჰყავთ. როდესაც ვწერთ ბიზნეს გეგმას სესხის მისაღებად, დისტანციას იჭერენ. საქართველოს ბანკების დევიზია - სახლი იყიდე, სახლი გაყიდე. ამის გარდა, ვფიქრობ, გათვითცნობიერებულნი არც ერთი მიმართულებით არ არიან", - აღნიშნა კოდუამ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"