საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლემ რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლოს შემდგომი კარიერული განვითარება , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესრულების დეტალებს და მომავალ გეგმებს აცნობს.
მინისტრის თქმით, სტრატეგიული გეგმა 2020 წლამდეა გაწერილი.
”სკოლამდელ განათლებაში ძირითადი აქცენტი არის რეგულირება. პირველად გვაქვს კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ და ფაქტიურად პედაგოგის სტატუსი უბრუნდება აღმზრდელს. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სკოლას, სკოლაში ვაპირებთ, რომ პროგრამა უფრო საინტერესო გახდეს, უფრო მისადაგებული დღევანდელი ახალგაზრდობის საჭიროებაზე, უნდა განვითარდეს თავისუფალი გაკვეთილების, ტექნოლოგიების გამოყენების ინიციატივა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება სკოლაში და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლონ შემდგომი კარიერული განვითარება. უმაღლეს განათლებაში ჩვენი აქცენტი არის ცალსახად ინტერნაციონალური, ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საერთაშორისო დონის დიპლომები უნდა მიიღონ საქართველოში. პროფესიულ განათლებაში ჩვენ ვამბობთ, რომ ათჯერ მეტი პროფესიული სტუდენტი გვჭირდება, ამიტომ მის პოპულარიზაციაზე არის აქცენტი”, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჯეჯელავას თქმით, მეცნიერების მიმართულებით ქვეყანას ცალსახად სჭირდება მეტი ახალგაზრდა მეცნიერებაში.
”ჩვენი ინიციატივა არის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა და მთელი საქართველო უნდა ავიყოლიოთ მოკლევადიანი კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში. იმ ხალხისთვის, ვინც შრომის ბაზარზე თავი ვერ დაიმკვიდრა, ახალი შესაძლებლობები უნდა შევქმნათ”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.