ბორჯომში, სოფელ ჩითახევთან ცენტრალური გზის მიმდებარედ ახალი დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან, სამუშაოების დასრულების შემდეგ მას სპეციფიური დანიშნულება ექნება. ხიდით სპორტის ექსტრემალური სახეობის ჯომარდობის მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები ისარგებლებენ.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჯომარდობისათვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
„ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ხიდის მშენებლობა აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. სპორტსმენების გარდა, ხიდით სარგებლობას შეძლებენ ადგილობრივებიც“, - აღნიშნა გამგებელმა.
ბორჯომის ხეობაში მდინარე მტკვარი მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ წელს ბორჯომი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარების გარდა, ხელს შეუწყობს კურორტისადმი ინტერესის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას.