მიმდინარე წლის მარტის თვის მონაცემებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.41 ლარამდე შემცირდა.
ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ეს მაჩვენებელი 6.9%-ით დაბალია თებერვალთან შედარებით, თუმცა 4.1%-ით მეტია 2016 წლის მარტის მონაცემზე.
ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ფასი ყოველ წელს, თებერვლიდან გვიან ივნისამდე (ზოგჯერ კი ივლისამდეც) იკლებს ხოლმე. ეს დამოკიდებულია რძის ფასსა და მის მოწოდებაზე. ხაჭაპურის ფასის ინდექსის ვარდნის ეს ტრენდი უცვლელია 2012 წლიდან.
ISET-ის მონაცემებით, ქართული რძის პროდუქტების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1 ლიტრი რძის ფასი გაზაფხულსა და ზაფხულში 0.50-0.70 თეთრს შორის მერყეობს, მაშინ, როდესაც სექტემბრიდან იანვრამდე ღირებულება 1 ლარამდე იზრდება.
„ფასების მსგავსი მერყეობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში არ არის განვითარებული რძის პროდუქტების სტრუქტურული სისტემა. უმეტესად მცირე ფერმერებს, ნაკლებად პროდუქტიული ძროხები ჰყავთ, რომელთა საკვებიც შეგროვილ ბალახზეა დამოკიდებული. მთელი წლის განმავლობაში რძით მომარაგების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე საშუალო ზომის ფერმას აქვს“, - წერს ISET.