მსუბუქი ავტომობილით სამ წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართული იქნება უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. ასეთ შემთხვევაში მგზავრი ვალდებული იქნება, უსაფრთხოების ღვედი გამოიყენოს.
მცირეწლოვანი ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას დადგა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო, რომ კანონში გაწერილიყო ვალდებულება საბავშვო-სამგზავრო სავარძლის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. როგორც აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, ეს ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და მოქალაქეებს ფინანსურ ტვირთად დაეკისრებათ. მისი თქმით, კანონი დაუშვებს შესაძლებლობას, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანა მოხდეს უკანა სავარძელზე, მისი კალთაში მოთავსების შემთხვევაში და ასეთ დროში მგზავრი ვალდებული იქნება, გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი. მისივე განცხადებით, საბავშვო სავარძელი იქნება ალტერნატიული საშუალება.