სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის ისეთ ადგილებში შეძენისგან, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული , - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე, არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.