წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი 44 624-ით მეტმა ადამიანმა აიღო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის გაცემის სტატისტიკა გაიზარდა, კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ბიომეტრული პასპორტი 83 042 მოქალაქემ აიღო, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვრიდან 1-ელ აპრილამდე) 38 418 ბიომეტრული პასპორტი გაიცა.
საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ ბიომეტრული პასპორტით შეუძლიათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე ბიომეტრულ პასპორტს ფლობს.