განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მათი ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს.
ამის შესახებ ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებს “ექსპო-ჯორჯიაში” განუცხადა, სადაც პროფესიული განათლების ფესტივალი იმართება.
ფესტივალის გახსნას განათლების მინისტრთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ასევე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებიან.
ფესტივალში რამდენიმე ათეული პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს.
ფესტივალის გახსნამდე განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ჯეჯელავას თქმით, პროფესიული განათლება ქვეყნის განათლების რეფორმის მთავარი კომპონენტია, რადგან ის არის დასაქმებისკენ და თვითრეალიზაციისკენ უმოკლესი გზა.
ჯეჯელავას განცხადებით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს პროფესიულ განათლებას.
“გასულ წელს პროფესიულ სასწავლებლებში 10 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა. წელს უფრო მეტს ველოდებით. მიღება აპრილამდეა. დღევანდელი ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ, ნახონ რა დონეზეა პროფესიული კოლეჯები, როგორი პროგრამებია და რა ადვილია ისეთი პროფესიის შეძენა, რომელიც დასაქმების გარანტია იქნება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ყოველწლიურად იზრდება პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რიცხვი. წელს განათლების სამინისტრო ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 12 ათასიდან 15 ათასამდე გაიზრდება.
“ჩვენი ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს, როდესაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში საუბარია 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, ამ 250 ათასიდან უმრავლესობა სწორედ პროფესიული სამუშაო ადგილები იქნება. ჩვენ ვაშენებთ გზებს, აეროპორტებს, რკინიგზას, ვაკეთებთ ინფრასტრუქტურას, ტურიზმს და ცხადია, გვჭირდება სპეციალისტები”, - განაცხადა ჯეჯელავამ.