”ცენტრ პოინტის” წილებზე, რომელიც მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებსა და რუსუდან კერვალიშვილზე ნაწილდება, ყადაღა ნარჩუნდება

”ცენტრ პოინტის” წილებზე, რომელიც მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებსა და რუსუდან კერვალიშვილზე ნაწილდება, ყადაღა ნარჩუნდება , - ამის შესახებ  ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყადაღა არ მოეხსნა ასევე იმ ქონებას, რომელიც მხოლოდ ”ცენტრ პოინტის” კუთვნილება არ იყო.

”რაც შეეხება წილებს, მოსამართლის განაჩენში არსებულ ჩამონათვალში წილები არ არის. მხოლოდ 41 უძრავი ქონებაა და აქედან გამომდინარე, წილებზე ყადაღა რჩება. ეს წილები ძირითადად მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებზე, ასევე რუსუდან კერვალიშვილზე ნაწილდება”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

ადვოკატმა აქვე აღნიშნა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რაიმე სახის ქონებაზე ყადაღა არ არის დადებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის გამოტანილი გაგამტყუნებელი განაჩენის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაყადაღებულ ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა. ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში 1-ელ მაისს შევა, იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლოს განაჩენს მხარეები სააპელაციო წესით არ გაასაჩივრებენ.