ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - შესაძლოა, „ბრექსითი“ ბრიტანეთის სუვერენიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგს წარმოადგენდეს

გადაწყვეტილებამ „ბრექსითის“ შესახებ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბრიტანეთისთვის სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი დაკარგვა , - ნათქვამია გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სიტყვაში, რომელსაც ის დღეს ევროპარლამენტში წარმოთქვამს.

შტაინმაიერის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ნაწყვეტს სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.

„შესაძლოა, „ბრექსითი“ ბრიტანეთის სუვერენიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგს წარმოადგენდეს. თუ ჩვენ ევროპას საერთაშორისო არენაზე სრულფასოვან მოთამაშედ არ ვაქცევთ, სხვა მოთამაშეები თითოეულ ჩვენგანს ბურთად გამოგვიყენებენ“, - მიიჩნევს გერმანიის პრეზიდენტი.

შტაინმაიერის თქმით, „მცდარია ის ფაქტი, რომ ევროკავშირიდან გასვლით შენს ქვეყანაზე სრული კონტროლის დაწესება შესაძლებელია“.

„ბრიტანელი ნაციონალისტები ვერ შეძლებენ ამ დანაპირების შესრულებას. უპასუხისმგებლოა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ევროპულ ქვეყანას, მარტო ან ევროკავშირის გარეთ, უფრო მეტი გავლენა და შესაძლებლობები ექნება თავისი ეკონომიკური ინტერესების განხორციელებისთვის“, - ნათქვამია შტაინმაიერის სიტყვით გამოსვლის ტექსტში.

მისი თქმით, გერმანია ევროკავშირის შენარჩუნებით არის დაინტერესებული და ამ საკითხში „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს.