უნგრეთის პარლამენტის 123-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში უცხოური უნივერსიტეტების მუშაობის წესებს ამკაცრებს.
კანონპროექტი უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავიანთი წარმოშობისა და რეგისტრაციის ქვეყნებში სასწავლო კამპუსების ქონას ავალდებულებს.
კანონპროექტის მოთხოვნების თანახმად, ახალი წესები ასევე შეეხება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს, რომელიც ცნობილმა ფინანსისტმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა დააარსა და რომელიც 25 წელია არსებობს ბუდაპეშტში. კანონის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი ბუდაპეშტში არსებობას შეწყვეტს.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტით, ასეთი სასწავლებლის ფუნქციონირება რეგლამენტირებული უნდა იყოს უნგრეთსა და სასწავლებლის წარმოშობის ქვეყანას შორის ორმხრივი შეთანხმებით.
კანონპროექტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს არ ექნება ნებართვა მიიღოს ახალი სტუდენტები, თუ სექტემბრამდე შეთანხმება არ იქნება მიღწეული აშშ-ის მთავრობას, ნიუ-იორკის შტატსა და ვიქტორ ორბანის მთავრობას შორის და აშშ-ში CEU-ს ახალი ფილიალი არ გაიხსნება.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს ამერიკელმა მეცენატმა და მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დააფუძნა და დღემდე აფინანსებს. უნივერსიტეტი ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების გამავრცელებელი უნდა ყოფილიყო.
კანონმდებლობის შემუშავების ინიციატორად მიჩნეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მემარჯვენე ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის ლიდერი ვიქტორ ორბანი, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტში განათლება სწორედ ჯორჯ სოროსის ფონდის სტიპენდიით მიიღო.
უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა ხუთი დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს ხელი კანონს ან პარლამენტს დაუბრუნოს განსახილველად ან საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვოს კანონის სამართლებრივი ანალიზი.
CEU-ს სტუდენტები და მხარდამჭერები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ხელი არ მოაწეროს კანონს.
ბუდაპეშტში, CEU-ში განათლებას ქართველი სტუდენტებიც იღებენ.