ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სენსონმა“ სასტუმრო „რედისონში“ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მალე ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება. ჩვენ ეს პირობა დავდეთ და მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. მალე თითოეული სპორტის სახეობა, მაღალი დონის სპორტულ კომპლექსში განაგრძობს საქმიანობას, რაც ამ პროცესს ბუნებრივია, კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენთვის სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, ამ კუთხით აჭარაში არაერთი პროექტი ხორციელდება და ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას", - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება: სპორტული ტანვარჯიში; მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი.

თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის ტერიტორიის პრივატიზება განახორციელა, რომელშიც შპს „ორბი ჯგუფი“ 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. სანაცვლოდ სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.