საბანკო მიმართულებით წელს დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, სექტორში განსაკუთრებული არაფერი მოხდება, თუ არ ჩავთვლით, რომ კომერციული ბანკების მოგება, წინა წელთან შედარებით, აშკარად მოიმატებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ცვლილება უფრო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთხით არის მოსალოდნელი. მომხმარებლებს კი წელს ლარში სესხი გაუძვირდებათ.
მართალია, საბანკო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობს, რომ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა ისევ აქვთ და ეს პროცესი წელსაც გაგრძელდება, მაგრამ ექსპერტების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. თითქმის ყველა ერთსულოვანია იმაში, რომ საბანკო ბაზარზე ოლიგოპოლიაა და ასეთი მდგომარეობით მომხმარებელი უფრო მეტად დაზარალდება, ვიდრე წინა წლებში.
თსუ-ის პროფესორი, ანალიტიკოსი დავით ასლანიშვილი დარწმუნებულია რომ ბაზარზე ლიკვიდობის პრობლემაა, რასაც რეფინანსირების სესხების უპრეცედენტოდ გაზრდილი მაჩვენებელი ადასტურებს.
"ლიკვიდობის პრობლემა აშკარა და ცალსახაა, ამას უკვე არავინ მალავს. რეფინანსირების სესხების მოცულობა ნათელყოფს, რომ პრობლემა რეალურად არსებობს და მის მოგვარებაში სებ-ი აქტიურად ერევა. ამიტომ გასცემს დიდი ოდენობით სესხებს ბანკებზე. ამ ეტაპზე სებ-ს 1,6 მლრდ დოლარი აქვს გაცემული ლიკვიდობის პრობლემის მოსაგვარებლად. კომერციული ბანკები რეფინანსირების სესხებს ვერა და ვერ ჩამოშორდნენ, რაც ლარის კურსზე ძალიან ნეგატიურად აისახება.
გარდა ამისა, ვერაფრით შემცირდა დოლარიზაციის მაჩვენებელი. ეს სერიოზული პრობლემაა. ეროვნულ ვალუტაში მოზიდული რესურსი 30%-ს არ აღემატება, რაც ძალიან ცუდი ფაქტორია ლარისათვის", - აღნიშნავს ასლანიშვილი.
მისი ვარაუდით, ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია უცხოურ კომპანიებს - საბანკო ბაზრის მსხვილ მოთამაშეებსაც კი საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს.
"წელს ახალი კომპანიების შემოსვლას არ ველოდები. ამ მხრივ "სოსიეტე ჟენერალის" ბაზრის დატოვება იყო ძალიან ცუდი სიგნალი. მისი გასვლის შემდეგ ასევე ფრანგულმა გიგანტმა ბანკმა BNP PARIBAS-მა ყველა ქართულ ბანკს დაუხურა ანგარიში. მან გადაწყვიტა, რომ ჩვენი ტიპის საფინანსო სტრუქტურებთან ცივილიზებული ფორმით არ იურთიერთებს.
ზოგადად საქართველოში საბანკო სფეროს განვითარების კუთხით სიტუაცია არაორდინალურია. ცუდია, რომ სექტორში არ არის წარმოდგენილი გლობალური ფინანსური შუამავალი, ვთქვათ, უნივერსალური საბანკო სისტემა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ასეთი წარმომადგენლობა, მათ შორის, "ეიჩესბისი - საქართველო", რომელიც როგორც შემოვიდა, ისე გავიდა და საერთოდ არ ვიცით, რა გააკეთა. რასაც გვთავაზობენ წამყვანი ბანკები, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და ეს სიტუაცია გაგრძელდება წელსაც", - ამბობს ასლანიშვილი.
საგულისხმოა, რომ საბანკო ბაზართან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი "რეზონანსის" მიერ გამოკითხულ არცერთ ექსპერტს არ აქვს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა სექტორისთვის ახალი მოთამაშის გამოჩენაა, რისი შესაძლებლობაც დღესდღეობით არ არის. მოსაზრებას, რომ ბანკებს ლიკვიდობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, ჯანიაშვილი კატეგორიულად ემიჯნება.
"ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ლიკვიდობის პრობლემა ჰქონდათ ბანკებს. ამ აზრს ვერ დავეთანხმები. ის, რომ ბანკები რეფინანსირების სესხებს დიდი რაოდენობით იღებდნენ, არ ნიშნავს, რომ პრობლემა ჰქონდათ. მესმის, ამ ტიპის კრედიტი ლიკვიდობის მოსაგვარებლად გაიცემა, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას არც სებ-ი ადასტურებს. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რაც გვაფიქრებს, რომ ბანკებს პრობლემა შეექმნათ", - ამბობს ჯანიაშვილი.
იგი ფიქრობს, რომ ბანკების გამსხვილების პროცესი წელს არ გაგრძელდება. შარშანდელი პროცესები იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოვლენა, რამაც კონკურენციაზე ცუდად იმოქმედა.
"ბანკის გამსხვილების პროცესს დადებითად არ ვაფასებ და არც მეგულება ვინმე, რომ ეს მოიწონოს. საბანკო ბაზარზე არის კონკურენციის დაბალი დონე და ოლიგოპოლიის ნიშნები, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ. უარყოფითი პროცესები განვითარდა, მაგრამ ბანკებისთვის კარგი იყო, რადგან გამსხვილებით მოგება კიდევ უფრო გაზარდეს და შთამბეჭდავ მაჩვენებლებს მიაღწიეს. ცხადია, წელს გაცილებით მეტ მოგებას მიიღებენ, ვიდრე შარშან.
საბანკო სფეროში კარდინალური ცვლილებები არ მოხდება. ახალი ბანკის შემოსვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამისთვის მიმზიდველი გარემო არ არსებობს. როდესაც ორი წამყვანი ბანკი განსაზღვრავს თამაშის წესებს, იქ კონკურენციაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია.
გარდა ამისა, კლიენტებისთვის საკმაოდ პობლემური წელი იქნება, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. ლარში სესხები გაძვირდება და ეს ფაქტი კლიენტებზე უარყოფითად იმოქმედებს. მართალია, საპროცენტო განაკვეთები გაიაფდება დოლარში, მაგრამ უცხოურ ვალუტაში სესხების ხელმისაწვომობა შეიზღუდა და ამ კატეგორიის სესხით მომხმარებლების უმეტესობა ვერ ისარგებლებს", - დასძენს ჯანიაშვილი.
პოზიტიურ ცვლილებას ბაზარზე არც ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ვარაუდობს. "საფინანსო ბაზრისთვის დაწესებული რეგულაციები როგორც ბანკებზე, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახებ. დოლარში მოზიდული რესურსის გასესხება მათთვის გაცილებით მომგებიანი იყო. ამიტომ ლარში გაძივრდება სესხი. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ნდობა, რომ ბიზნესს ფული მისცენ.
სიმართლე გითხრათ, გარღვევას წელს არ ველოდები, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. შესაძლოა, მცირე და საშუალო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს, რადგან მათ დაუწესეს გარკვეული რეგულაციები, რაც ამ სექტორის საქმიანობაზე ცუდად აისახება", - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი ყიფიანმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"