თამბაქოს წარმოება 13 მილიონ ლარზე მეტით არის შემცირებული

თამბაქოს მწარმოებელი ზოგიერთი ადგილობრივი კომპანია წარმოების შემცირებაზე საუბრობს. ამის მიზეზად კი იმპორტიორი კომპანიების დემპინგური ფასებით ოპერირებას ასახელებს.

როგორც „თბილისის თამბაქოს“ დირექტორმა ზვიად მუკბანიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 2 წელში მათი წილი ბაზარზე 35%-დან 6%-მდე შემცირდა.

„ჩვენმა კომპანიამ მოიგო სასამართლო. დამტკიცდა, რომ კომპანიები, რომლებსაც ვუჩიოდით „ფილიპ მორისი“ და „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ პროდუქციას თვითღირებულებაზე იაფად ყიდდა. ამან კი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ზოგადად ადგილობრივ თამბაქოს მეწარმეებს. რაც შეეხება ჩვენ წარმოებას, თუ 2013 წელს ჩვენი წილი ბაზარზე დაახლოებით 35% იყო, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 6%-ზე დავიდა“, - აღნიშნავს მუკბანიანი.

ქართული წარმოების შემცირებაზე საუბრობს კომპანია „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძეც. მისი თქმით, 2014 წელს ქართული წარმოების წილი 35%-დან 28%-მდე შემცირდა; 2015 წელს - 16%-მდე, ხოლო 2016 წლის მონაცემებით, 6%-მდეა შემცირებული.

წინა თვეში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვის ბრალდებით ქართულმა კომპანიამ „თბილისის თამბაქოს“ „ფილიპ მორისსა“ და „ფილიპ მორის ინთერნეიშენალს“ სასამართლო დავაც მოუგო. საქალაქო სასამართლომ „ფილიპ მორისს“ დაახლოებით, 92 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 წლის წინასწარი მონაცემებით 2015 წელთან შედარებით, თამბაქოს ნაწარმის (სიგარეტები; სიგარები და ა.შ.) წარმოება 13 მილიონ ლარზე მეტით არის შემცირებული.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 40 018 600 ლარის ღირებულების 1 888.3 მილიონი ღერი თამბაქოს ნაწარმის; 2016 წლის წინასწარი მონაცემებით კი, 26 860 700 ლარის ოდენობის 1 587.3 მილიონი ღერის წარმოება მოხდა.

თაია არდოტელი