ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „ტესლამ“ წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 25 000 ავტომობილის გაყიდვა შეძლო. თუმცა ამის მიუხედავად, 14 წლის კომპანიის საბაზრო ფასი 113-წლიანი ისტორიის მქონე „ფორდის“ ფასზე მაღალია. კერძოდ, „ტესლას“ კაპიტალიზაცია 47 მილიარდი დოლარია, როცა „ცისფერი ოვალის“ სააქციო ღირებულება 45 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის მარტთან შედარებით, ამერიკის ბაზარზე „ფორდის“ გაყიდვები მარტში 7.2 პროცენტით შემცირდა, რაც პროგნოზულ მაჩვენებელზე (5.0 პროცენტი) მეტია. გასულ თვეში ამერიკულმა კომპანიამ 236 500 ავტომობილი გაყიდა. შედარებისთვის, გასული წლის მარტში გაყიდვებმა 255 000-ს მიაღწია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაყიდვების შარშანდელი მაჩვენებელი, ბოლო ათ წელიწადში საუკეთესო იყო მარტში.
„ტესლა“ გაცილებით მცირე კომპანიაა და ასეთი კაპიტალიზაციის მიუხედავად, კვლავაც წაგებაზე მუშაობს. შარშან მისმა წლიურმა შემოსავალმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა, „ფორდის“ ანალოგიურმა მაჩვენებელმა კი 152 მილიარდს მიაღწია. ასეთი დიდი შემოსავლის მიუხედავად, „ტესლამ“ წლის განმავლობაში 773 მილიონი იზარალა.
მაგრამ „ტესლა“ სწრაფად იზრდება. კომპანია თანდათან აფართოებს სამოდელო გამას და მასთან ერთად, გაყიდვებსაც, რაც იმის ნიშანია, რომ მალე წაგებას მოგება შეცვლის. მალე დაიწყება უახლესი „მოდელ 3-ის“ მიწოდება, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. შეიძლება ითქვას, რომ „ტესლა“ სწრაფი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს, რაც მას ადრე თუ გვიან, „ფორდის“ მასშტაბამდე გაფართოებას უქადის.
კალიფორნიული კომპანია წლის პირველ ნახევარში 50 000 ცალი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, მომავალი წლის ბოლოს კი მისმა წლიურმა გაყიდვებმა ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს. ამის კვალობაზე, „ტესლა“ კიდევ სამი გიგაქარხნის ამუშავებას აპირებს.
საინტერესოა, რომ ამერიკულ კომპანიას „მოდელ 3-ზე“ უკვე 300 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. ამდენი შეკვეთა კი სულ რამდენიმე დღეში მიიღო მას შემდეგ, რაც მასზე შეკვეთების მიღება დაიწყო. ასეთი ბუმი მოწმობს იმას, რომ ბაზარზე შედარებით იაფ ელექტრომობილებზე სოლიდური მოთხოვნაა. იმავდროულად, „მოდელ 3“ ნახევრად ავტონომიური ტექნოლოგიებითაც არის ეკიპირებული. ამის საპირისპიროდ, „ფორდი“ სრულიად ავტონომიური ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული.