გასულ თვეში თებერვალთან შედარებით, საწვავის იმპორტი საქართველოში 11.3 ათასი ტონით ანუ 15,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მარტში 83,6 ათასი ტონა შეადგინა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 50,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის - 32,7 ათასი ტონა შეადგინა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის მარტში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 37,8 ათასი ტონა ანუ 74,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,6 ათასი ტონა ანუ 24,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 0,9%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 31,0 ათასი ტონა ანუ 94,8%; L-62 დიზელის საწვავი - 1,7 ათასი ტონა ანუ 5,2%.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 21,4 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 25,6%) რუმინეთიდან განხორციელდა. რუსეთიდან - 19,8 ათასი ტონა (23,7%); ბულგარეთიდან - 18,6 ათასი ტონა (22,2%); თურქმენეთიდან - 12,8 ათასი ტონა (15,3%); აზერბაიჯანიდან - 4,2 ათასი ტონა (5,0%); საბერძნეთიდან - 3,8 ათასი ტონა (4,5%); კვიპროსიდან - 1,4 ათასი ტონა (1,7%); დიდი ბრიტანეთიდან - 1,0 ათასი ტონა (1,2%); შვეიცარიიდან - 0,5 ათასი ტონა (0,6%); უკრაინიდან - 0,1 ათასი ტონა (0,1%).
რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, 2017 წლის მარტში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 7,0 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 4,7 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 87,1% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2017 წლის წინა თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის მარტში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 3,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 0,2 ათასი ტონით ნაკლებია.