ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ხვალ გაფორმდება.
აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.
ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.
”დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური მოლაპარაკება კერძო ბიზნესთან და საქართველოს მალე ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო ექნება, რომელიც მოიცავს: სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ სივრცესა და განახლებულ რეგისტრატურას. გამოფორმდება შესაბამისი მემორანდუმი. პროექტს კომპანია m2 დააფინანსებს. m2 უკვე მე-20 კერძო კომპანიაა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება. მალე წიგნის და ქართული ანბან-შრიფტის მუზეუმების (მალე გავხსნით) გვერდით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპლექსი გვექნება. ჩვენი მიზანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკის შექმნაა. ამ ბიბლიოთეკაში ვაჟას უმთავრესი ადგილთაგანი უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.