მუნიციპალურ ავტობუსებს უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ბენზინ და გაზგასამართი სადგური მოემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით სადგური ერთდროულად 12 ავტობუსს მოემსახურება და შეძლებს როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე დიზელზე მომუშავე ავტობუსების საწვავით უზრუნველყოფას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ბენზინ და გაზგასამართი სადგური სამი 400 კვ სიმძლავრის კომპრესორი, გაგრილების სისტემით, ბუნებრივი აირის გამშრობ-მფილტრავი და გამაციებელი დანადგარებით, 10080 ლ მოცულობის CNG გაზის საცავისა და რვა CNG გაზის ჩამსხმელი სვეტით, 60 ტონიანი დიზელის ავზით, ორი ჩამსხმელი სვეტით, თხევადი საწვავის ფილტრითა და მრიცხველი აღჭურვილი. ბენზინ და გაზგასამართი სადგური უზრუნველყოფს ავტობუსებისთვის CNG გაზის მიწოდებას, საწვავის ჩასხმის სიზუსტეს, მაღალ წარმადობას, ელექტრო ენერგიის და სხვა რესურსის მწირი მოხმარების ხარჯზე.
კომპანიის ცნობით, ბენზინ და გაზგასამართი სადგურის მშენებლობა ახალი ავტობაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მშენებლობას, მსოფლიო ლიდერი კომპანიის „SAFE S.p.A“-ს წარმომადგენლობა საქართველოში, შპს „საფე ჯორჯია“ აწარმოებს. სადგური ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სრულყოფილ მომსახურებას.