ნავთობის ფასი ბოლო ერთი თვის მაქსიმუმს მიუახლოვდა

ნავთობის ფასი ბოლო ერთი თვის მაქსიმუმს მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი გამოსწორდა. 

გარდა ამისა, ნავთობის მოპოვება შეჩერდა ჩრდილოეთის ზღვის ბრიტანულ სექტორში, საბადო „ბაზარდზე“, სადაც მოპოვებული ნედლი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრის ფასის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს.

დილით "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 0, 65%-ით გაიზარდა და ბარელზე 54.52 დოლარს მიაღწია.  აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა ასევე 0.65 პროცენტით, 51.35 დოლარამდე მოიმატა. ორივე მარკის ფასი 8 მარტის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე იმყოფება.

„ბაზარდის“ საბადოზე დღიური მოპოვება 180 000 ბარელია. აქ მოპოვებული ნავთობი, ფორტისის მარკის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის მხრივ, ბრენტის მარკის ნავთობის კალათში, ფასის განმსაზღვრელ ძირითად ნედლეულს წარმოადგენს.

ნავთობის ბაზრის ტრეიდერები ასევე აღნიშნავენ, რომ ფასის აწევას ხელს უწყობს ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის არსებული ბალანსის თანდათან გათანაბრება. ამას ხელს ის გარემოება უწყობს, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაცია (OPEC) და სხვა არაწევრი მომპოვებლები, ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე არსებული პაქტის გაგრძელებას აპირებს.

საინტერესო ფაქტი: OPEC-ის ნავთობის გადაზიდვა ძირითადად საზღვაო ტანკერებით ხორციელდება, რაც ტრეიდერებს გადაზიდვის თვალთვალის საშუალებას აძლევს და ტრანსპორტირების ნებისმიერი შეფერხება, მაშინვე აისახება ნავთობის ფასზე.

ანალტიკურ კომპანია „ვორტექსას“ მთავარი აღმასრულებელი დრექტორი ფაბიო კიუნი ამბობს, რომ ტანკერებით გადაზიდული ნავთობის მოცულობა წელს 17 პროცენტით (იანვარსა და აპრილს შორის, 978-დან 812 მილიონ ბარელამდე) არის შემცირებული. სწორედ ეს გარემოება აბალანსებს მოთხოვნა-მიწოდებას შორის წარმოქმნილ სხვაობას.

მაგრამ მიწოდების ტემპის შემცირებას ხელს უშლის ის ფაქტორი, რომ აშშ-ში მოპოვება სტაბილურად იზრდება. შტატებში ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირაში 1.8 მილიონი ბარელით, 533.7 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, ეს მაჩვენებელიც ყველა დროის რეკორდულთან ახლოსაა.

პარალელურად, იზრდება აშშ-ში მომუშავე ჭაბურღილების რიცხვი. ეს ტენდენცია უკვე ზედიზედ 11 კვირა გრძელდება. ჭაბურღილების რაოდენობამ 662-ს მიაღწია. 2015 და 2016 წლებში კლების შემდეგ, შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ამერიკაში ნავთობის მოპოვება 8.5 პროცენტით გაიზარდა და დღიურად 9.15 მილიონ ბარელს მიაღწია. სწორდ ამ დონეზე იყო მოპოვება 2014 წელს, როცა კლება დაიწყო.

ანალიტიკურ კომპანია „BMI რისერჩის“ პროგნოზით, შტატებში ფიქალური ნავთობის მოპოვების ზრდა, ნავთობის საერთაშორისო ფასის ზრდის ტემპს კვლავაც შეაფერხებს.