გუგული მაღრაძე - საქართველო მწეველთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა

საქართველო მწეველთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაღრაძემ პირველი მოსმენით ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარადგინა, რომელიც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული.

კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი.

ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.