საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ექსპორტის მიმართულებით არსებული შედეგისთვის მადლობას უხდის, თუმცა „კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას“ სთხოვს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტის კუთხით 85%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან.
პრემიერის ინფორმაციით, „4 200 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო თანხობრივად, ეს არის 77%-იანი ზრდა, რაც მართლაც კარგი მაჩვენებელია“.
„განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნები, არამედ ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე. მინდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადავუხადო. თქვენი ჩართულობით ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე კეთდება არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის მიმართულებით და მინდა ასე გავაგრძელოთ. სოფლის მეურნეობა არის ზუსტად ის მიმართულება, რომელსაც ყველაზე მეტი სოციალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მოსახლეობის ყოფაზე, ამიტომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია იყოს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზრებზე ჩვენი მეწარმეები არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან და მე მინდა, რომ ამ კუთხით მეტი კოორდინაცია და ჩართულობა იყოს ღვინის სააგენტოს მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.