საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე ერთობლივი კვლევა განხორციელდება

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობას შეისწავლიან.

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს „გიორგი გახარიასთვის „ერთი მხრივ, ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ“ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.

“ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, ევროკავშირთან, EFTA-სთან და ცოტა ხანში, სავარაუდოდ, მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან და ჩვენ გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე არის გამოსაყენებელი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.