გიორგი კვირიკაშვილი - სამწუხაროდ, მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები და სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი

მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს მუშაობა დანაგვიანების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით.

„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს კატასტროფული სიტუაცია ავტობანის მიმდებარე ტერიტორიებზე და არა მხოლოდ. სამწუხაროდ, ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ამის თაობაზე ჩვენი მოქალაქეებიც წერენ, წერენ ჩამოსული ტურისტები და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად - სანქციებით, იმით, რაც თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში არის გათვალისწინებული, აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ეს ჩვენი ღირსების საქმეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, პრემიერის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ჩართულობით, მომზადდა პროექტი და რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე ადმინისტრაციის მხრივ გაუმჯობესების და საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო უკეთესი უზრუნველყოფის მოდელი.

„ეს მოდელი ყოველდღიურ მონიტორინგზე იქნება დაფუძნებული. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იქნება ის, რომ სახელმწიფო და ხალხი ერთად, მალე ამ პრობლემას თავს გავართმევთ. რამდენიმე დღეში მოგახსენებთ დეტალურად ამ გეგმის შესახებ“, - დასძინა გიგლა აგულაშვილმა.