დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის კონსტანტინე სულამანიძის ბრძანების თანახმად, „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების შესახებ ინსტრუქცია“ დამტკიცდა.
ინსტრუქციის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია 20 ივნისამდე შესაბამისი საინფორმაციო სტანდარტული ფორმები შეიმუშაოს.
ამასთან, მზღვეველი ვალდებულია შეიმუშაოს კონცეფცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული კონცეფცია უნდა ასახავდეს მზღვეველის მიერ მომხმარებელთა დაცვის მიზნის ბიზნეს სტრატეგიაში ინტეგრირებას, კომპანიის შიგნით მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკით გამოკვეთილ პრიორიტეტებსა და მეთოდოლოგიას, ასევე მომხმარებელთა დაცვის პროცედურების აღწერილობას „დაზღვევის ფუძემდებლური პრინციპების“ დაცვით.
ინსტრუქციის თანახმად, მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის სადაზღვევო მომსახურების თითოეული ეტაპის შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდება.
აღნიშნული ინსტრუქცია ვრცელდება ყველა სახეობის სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობითი დაზღვევის დროს. ასევე ელექტრონული ფორმით გაწეულ სადაზღვევო მომსახურებაზე.
მზღვეველის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის სახელწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.