ტრამვაის ქსელის თბილისში დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიცია გაავრცელეს. პეტიცია manifest.ge-ზე 3 აპრილს გამოქვეყნდა.
პეტიციის ადრესატი საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერიაა.
როგორც პეტიციაშია ნათქვამია, ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებაა, რაც თბილისს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამვაით მგზავრობა ადამიანებისთვის კომფორტული უნდა იყოს. პეტიციის ავტორი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრი ალექსანდრე მიშელაშვილია.
”ტრამვაი ევროპულ ქალაქებს ეხმარება და თბილისსაც დაეხმარება. პეტიციის შექმნისკენ ქალაქში არსებულმა პირველმა პრობლემამ - დაბინძურებულმა ჰაერმა მიბიძგა. ეს ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთაა და გამონაბოლქვი არ აქვს, რადგან ელექტოენერგიაზე მუშაობს. ეს ყოველდღიურობას შეგვიმსუბუქებს. ლამაზ და მყუდრო ქალაქში თანამედროვე ტრამვაი ცენტრალურ ქუჩებში რომ ივლის, მანქანით არავინ გამოვა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა ძვირი ჯდება, ვფიქრობ, ქალაქში ტრამვაის ქსელის შექმნა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. თავდაპირველად ბაგებიდან კოლმეურნეობის მოედნამდე უნდა მოხდეს ხაზის შექმნა, რომელიც ილია ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს გაივლის", - ამბობს ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას პეტიციის ავტორი ალექსანდრე მიშელაშვილი.
პეტიციის განსახილველად 10 000 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო. პეტიციას ამ დროისთვის 2 153 ხელმოწერა აქვს.