პარლამენტი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ მთავრობის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას თქმით, ამით ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება, რომელიც ითვალისწინებს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, საფინანსო სექტორის მდგრადობის ხელშეწყობას, დანაზოგების წახალისებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
მისი განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტების დაცულობასა და დეპოზიტების გარანტირებულად ანაზღაურებას თუ კომერციულ ბანკს დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა შეექმნება.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, იქმნება დამოუკიდებელი სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელსაც სააგენტოს უფროსი ხელმძღვანელობს. მას თანამდებობაზე 5-წლის ვადით ხუთი წევრისგან შემდგარი საბჭო ნიშნავს.
სააგენტოში იქმნება ფონდი, რომელიც ფინანსდება რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის იქნება, სავალდებულო პირველადი შენატანები კომერციული ბანკისგან, რეგულარული და სპეციალური სადაზღვეო შენატანები და სხვა.